მოდის პოეზია

მოდის პოეზია: შოტლანდიური უჯრედი, კოვბოური ჩექმა და წითელი ფერიკულტურა
19-05-2010, 17:11
ქეთი გოგიჩეიშვილი
მოდის პოეზია: შოტლანდიური უჯრედი, კოვბოური ჩექმა და წითელი ფერიმოდის ტენდენციები მერყევი და ცვალებადია. რთულია, განსაზღვრო რამდენ ხანს გასტანს ამა თუ იმ ფერისა და სტილის აქტუალობა. ცნობილია, რომ როცა მოდური სამოსის მასობრივი კოპირება ხდება, ის შთამბეჭდაობასა და ორიგინალობას კარგავს, რის გამოც, დიზაინერები ახალ ტენდენციებს ამკვიდრებენ. ამის მიუხედავად, მოდის ინდუსტრიაში დღემდე არსებობს პოპულარული ეთნიკური ელემენტები, რომლებიც წლების მანძილზე ინარჩუნებს ხიბლს და არ ანელებს ინტერესს.

შოტლანდიური ქსოვილი, რომლითაც ისტორიულად შოტლანდიელი ჯარისკაცის ეროვნული სამოსი იკერებოდა, როგორც ფანტაზიის ელემენტი, დღემდე ცოცხლობს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში და უდავოდ პოპულარულია. ქსოვილი ავლენს მოხატულობის უნიკალობას. ეს არის შალის უჯრედოვანი ქსოვილი, რომელზეც ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები სიმეტრიულად კვეთს ერთმანეთს. ხაზთა რაოდენობა, სიგანე და ფერთა თანმიმდევრობა წინასწარ განსაზღვრულია. ქსოვილზე ცალკეული ხაზები ეგრედ წოდებულ საყრდენ წერტილებს ქმნის, რომლის საშუალებითაც უჯრედები ზუსტი კოპირებით მეორდება. ქსოვილზე წარმოდგენილი ფერები ტრადიციულად შოტლანდიის გერბის ფერთა ანალოგიური იყო. ხოლო მისგან შეკერილი სამოსი შოტლანდიის სიმბოლოთა შორის ყველაზე ძლევამოსილ, რომანტიკულ და დრამატულ სიმბოლოს წარმოადგენდა. ქსოვილისთვის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ფერები იყო ყვითელი, მწვანე, ლურჯი, შავი და წითელი, თუმცა თითოეულ სამოსში მხოლოდ ოთხი ფერის კომბინაცია იყო დასაშვები. ფერს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რადგან ყოველი ფერი ცალკეულ კლანთან ასოცირდებოდა და მათ იდენტობას განსაზღვრავდა. შესაბამისად, კლანის წევრებს სამოსის ფერის სურვილისამებრ შერჩევა არ შეეძლოთ. ეს იყო მე-19 საუკუნის ვიქტორიანულ ერაში, დღეს კი ქსოვილის მწარმოებელი კომპანიები უჯრედებიანი ქსოვილის უამრავ სახეობას ქმნიან კომერციული მიზნებისთვის. თუკი შოტლანდიური ქსოვილის ძველებური ფერები ნათელი იყო, თანამედროვე ფერები უფრო ნათელია და კაშკაშა, რასაც ქიმიური საღებავებით ხელოვნურად ქმნიან. შეცვლილი, რეპროდუცირებული ფერები ძველებური იერის სიმულაციას ახდენს.

შოტლანდიური უჯრედებიანი ქსოვილის მოხატულობა ბრიტანეთის ერთ-ერთი უდიდესი მოდის სახლის „ბარბერი გრუპის“ გამორჩეულ სავაჭრო ნიშნად ითვლება. „ბარბერი გრუპი“ 1856 წელს დიზაინერმა ტომას ბარბერიმ დააარსა. შავი, ღია ყავისფერი და წითელი მოხატულობის უჯრედებიანი ქსოვილი, რომელიც ცნობილია, როგორც „ბარბერის კლასიკური უჯრედები“, თავდაპირველად, დიზაინერმა ბრიტანეთის არმიის სამხედრო პალტოების სარჩულად გამოიყენა. „ბარბერის უჯრედები“, დღეს უკვე რეგისტრირებული მარკა, 1967 წელს ფართოდ გამოყენებადი ქსოვილი იყო. იქმნებოდა სხვადასხვა სახის სამოსი, ყელსახვევები, ჩანთები, სამგზავრო ჩემოდნები, ქოლგები... და ეს ყველაფერი, ძირითადად, ახალგაზრდებისთვის იყო განკუთვნილი. დღემდე, „ბარბერი გრუპი“ შოტლანდიური „კლეტკის“ კოპირებას განაგრძობს. ასეთი ქსოვილები წარმოდგენილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იქმნება ქსოვილთა უამრავი სახეობა. თუკი ტრადიციული შოტლანდიური ქსოვილი შალისგან მზადდებოდა, დღეს ეს უჯრედები გვხვდება ტყავზე, ჯინსსა და სხვა ქსოვილებზე. სხვადასხვა ქვეყნებში ამ ქსოვილებით დიზაინერები ყოველდღიურად მოხმარებად სამოსს ქმნიან. იკერება უნიფორმები, ფართო გამოყენება აქვს სპორტულ შეჯიბრებებში და, რაც მთავარია, მოიხმარენ ცალკეული ადამიანები.

მეორე ელემენტი, რომელიც საყოველთაო ცნობადობითა და პოპულარობით სარგებლობს, დასავლური ე.წ. კოვბოური სტილის ჩექმებია, რომელსაც ისტორიულადმოდის პოეზია: შოტლანდიური უჯრედი, კოვბოური ჩექმა და წითელი ფერი ამერიკელი კოვბოები ატარებდნენ. ტრადიციულად ჩექმას ჰქონდა მაღალი კუთხოვანი ქუსლები, წვრილი ცხვირი, მაღალი ყელი და ძროხის ტყავისგან იკერებოდა, რაც დღეს თანამედროვე დიზაინისთვის უცვლელ სტანდარტს წარმოადგენს. მე-17-18 საუკუნეებში კოვბოურ ჩექმებს ცხენოსნები იყენებდნენ. ჩექმის ორიგინალურ ელემენტებს მნიშვნელოვანი ფუნქციები ჰქონდა: მაღალი ყელი ფეხს იცავდა დაზიანებისგან, წვრილი ცხვირი უზანგში ფეხის ადვილად ჩადგმისთვის, ფეხსაცმლის გლუვი ძირი კი ჩამოვარდნისას ჩექმის თავისუფლად გასრიალების საშუალებას იძლეოდა და ამით ცხენოსნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. კლასიკური კოვბოური ჩექმები 1940-50-იან წლებში იკერებოდა. ინდუსტრიულმა რევოლუციამ ჩექმების მასობრივად წარმოება განაპირობა და თუკი თავდაპირველად მხოლოდ არმიისთვის იქმნებოდა, ნებისმიერი ადამიანისთვისაც ხელმოსაწვდომი და პრაქტიკულად მოხმარებადი გახდა. ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა და ე.წ. ვესტერნების შემქმნელმა რეჟისორებმა კოვბოური ერა გააიდიალეს, რაც კიდევ ერთი მიზეზია, რომ ასეთი ჩექმები პოპულარობით სარგებლობს. დღეს ასეთ ჩექმებს დიზაინერები თანამედროვე ინტერპრეტაციით ქმნიან. მსოფლიო მოდის ტენდენციების თანახმად, დასავლური ჩექმები კვლავ აქტუალურია. თანამედროვე ეპოქაში კოვბოურ ჩექმებს ფერთა ფართო სპექტრით, დეკორატიული ნაქარგებით და ტყავის ორნამენტებით ამკობენ. მათ დასამზადებლად ისეთ ეგზოტიკურ ტყავს იყენებენ, როგორიცაა სირაქლემის, ნიანგის, გველის, სპილოს, კამეჩისა და სხვა. მსოფლიოში კოვბოური ჩექმების მწარმოებელი პოპულარული ბრენდებია „არიატი“, „ჯასტინ ბუტსი“, „ფრაი“ და „ტონი ლამა“. ზოგიერთმა კომპანიამ ექსკლუზიურად შექმნა ასეთი ჩექმის წარმოებისთვის ფეხსაცმლის კალაპოტი, რაც სავაჭრო საიდუმლოებად არის მიჩნეული და, შესაბამისად, მაღალ დონეზე დაცული. ყოველივე ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ დღეს კოვბოური ჩექმები მოთხოვნადია.

საუკუნეების განმავლობაში სტილთან ერთად ფერის მოდაც იცვლებოდა, თუმცა ფერი, რომლისადმი დამოკიდებულებაც წლების მიუხედავად არ შეცვლილა, წითელია. ზოგიერთი დიზაინერის აზრით, ფერის მოდა არ არსებობს და ის მხოლოდ ინდივიდუალურ გემოვნებასა და მისწრაფებაზეა დამოკიდებული. ზოგადად, სხვადასხვა კულტურებში ფერებს განსხვავებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ჩინეთში წითელი წარმოაჩენს წარმატებას, ბედნიერებას და ვნებას. სხვა საზოგადოებებში ის სიყვარულის ფერია და ცეცხლთან სიმბოლირდება. ფსიქოლოგების ყურადღებას, განსაკუთრებულად, სწორედ, ეს ფერი იპყრობს. თუკი გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ წითელი ფერის ნივთი ქურდებისთვის მთავარი სამიზნეა, მივხვდებით, რომ არის ამ ფერში რაღაც ისეთი, რაც ადამიანთა ყურადღებას იპყრობს. ამერიკელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ წითელი ემოციურად ყველაზე ძლიერი და გამომწვევი ფერია, რომელიც გულის ცემისა და სუნთქვის აჩქარებას იწვევს. წითელი კაბა, უძველესი დროიდან მოყოლებული, შესამჩნევი იყო და მანდილოსნის გარეგნობას გამოკვეთდა. ჩვეულებრივ, ამ ფერს უპირატესობას ის ქალბატონები ანიჭებენ, რომელთაც ყურადღების მიპყრობა უყვართ. ის ერთდროულად კლასიკურიც არის და ძლევამოსილიც. მოდური, მიმზიდველი, თანამედროვე – ყოველივე ეს მისი უპირატესობებია და ადამიანებს თავდაჯერებულობას მატებს.

ქართველი დიზაინერები საკუთარ კოლექციებში წითელს არცთუ ხშირად იყენებენ, თუმცა, ყოფილა პერიოდი, როცა ქართულ მოდაში წამყვანი ფერი, სწორედ, წითელი იყო და ქუჩაში გამვლელი თითქმის ყველა ქალბატონი წითელი სამოსით ან აქსესუარით იყო შემკული. ქართველ დიზაინერთა კოლექციაში განსაკუთრებული ელეგანტურობით ავთანდილის წითელი კაბები გამოირჩევა. დიზაინერებმა დერეკ ლემმა, ფილიპ ლიმმა და ჯორჯო არმანიმ წითელი ფერი საკუთარ, 2010 წლის გაზაფხულის კოლექციაში წარმოადგინეს. ზოგადად, წითელი 2010 წლის მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში შეიმჩნევა.

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ეთნოგრაფიულმა ელემენტებმა დროს გაუძლო და მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში მთელი თავისი უნიკალურობითა და შთამბეჭდაობით წარმოჩინდა. ეროვნულობის სიმბოლოები გლობალურ სიმბოლოებად გარდაიქმნა და მასობრივი პოპულარობა მოიპოვა.

No comments:

Post a Comment