ქართული მოდის პოპულარიზაცია საქართველო და მსოფლიო

ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოდის ბიზნესი ნამდვილად არ ყვავის, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში წინსვლაც შეიმჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის კრიტიკული ან სარკაზმული მოსაზრებები წელიწადში ოთხი მოდის კვირეულის ჩატარებაზე, (თუმცა ამჟამად წელიწადში ორჯერ ტარდება) მიმაჩნია, რომ ეს მაინც წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.


უამრავი ხარვეზის მიუხედავად, თითოეული მოდის კვირეული არის ერთგვარი გამოცდილება როგორც დიზაინერებისთვის, ასევე მათი ორგანიზატორებისთვის. იმედი მაქვს, ამ გამოცდილებას შეძლებისდაგვარად გამოიყენებენ და მომავალი მოდის კვირეულები სულ უფრო და უფრო დახვეწილი იქნება. მაგრამ იმისთვის, რომ კვირეული ხარვეზების გარეშე ჩატარდეს, დაიმსახუროს კრიტიკოსების, ადგილობრივი და უცხოური პრესის დადებითი შეფასება საჭიროა ორგანიზატორების მხრიდან დიზაინერებთან კოლაბორაცია და ერთობლივად ხარისხზე ზრუნვა.
მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამიტომ სანამ ზედმეტად კრიტიკულნი ვიქნებოდეთ ზოგადად ხარისხის მიმართ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრ დიზაინერს არ გააჩნია საკმარისი ფინანსები ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მითუმეტეს დამწყებ დიზაინერებს. აგრეთვე რთულია სპონსორის მოძიება და ეს გასაკვირი არც არის, რადგან მოდის სფერო დღესდღეობით მომგებიან ბიზნესად არ ითვლება საქართველოში.

დღესდღეობით რამდენიმე ცნობილ დიზაინერს აქვს საკუთარი სალონი, მაგრამ ყველა დიზაინერს ამის ფუფუნება არ აქვს. რა საშუალებები აქვთ ქართველ დიზაინერებს რომ გაყიდონ საკუთარი პროდუქცია? რეალობა გვიჩვენებს, რომ არცთუ ისე ბევრი. გარდა სანაცნობო– საახლობლო წრეებისა, არსებობს ერთი ამჟამად ყველასათვის ცნობილი ადგილი, სადაც შეიძლება სხვადასხვა დამწყები და ასევე ცნობილი დიზაინერების ნამუშევრების შეძენა. ეს არის მაღაზია Flabour, რომლის კონცეფციაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ხელი შეუწყოს ქართველი დიზაინერების ნამუშევრების პოპულარიზაციას და რეალიზაციას. მაღაზია ქალაქის ცენტრში მდებარეობს.წარმოდგენილია ხელმისაწვდომი და აგრეთვე შედარებით ძვირადღირებული ნამუშევრები. ასე რომ, მომხმარებელს აქვს არჩევანის საშუალება შეიძინოს ეროვნული წარმოების პროდუქცია. ასეთი ტიპის მაღაზიები რათქმაუნდა ხელს უწობს ქართული მოდის პოპულარიზაციას და ქართველ მომხმარებლსაც აჩვევს შეიძინოს არამხოლოდ უცხოური ბრენდების პროდუქცია. გარდა ამისა, ნამუშევრების რეალიზაციის შესანიშნავი საშუალებაა იმ დამწყები დიზაინერებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსები რომ გახსნან საკუთარი სალონები.
ქართული მოდის პოპულარიზაცია უცხოეთში

როგორც ჩანს, თურმე არსებობს საშუალებები, რომ ქართულმა მოდამ განიცადოს წინსვლა როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ! ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო მეტი გზა გამოიკვეთება უახლოეს მომავალში.
ნინო სამარგულიანი
No comments:
Post a Comment